14 მარტი, 2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ თამარიანში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ თამარიანში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პატარებს წლების განმავლობაში მოუწესრიგებელ და გაურემონტებელ შენობაში უწევდათ სიარული. ბაგა-ბაღი 201 კომლიან სოფელს ემსახურება და 71 აღსაზრდელი ირიცხება. თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 367 367 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ინტერ +“ აწარმოებს და მარტის ბოლოსთვის დასრულდება.
პროექტის მიხედვით შენობას შეეცვლება სახურავი, მოპირკეთდება ფასადი, ჯგუფებში ჩატარდება შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, განლაგდება საბავშვო სათამაშოები.
როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს „სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, ახალი ინვენტარით აღჭურვილი თამარიანის საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი, ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს , იქნება კომფორტული როგორც ბავშვებისათვის, ასევე იქ მომუშავე პერსონალისათვის“.