09 მარტი, 2018
თერჯოლის მერი კულტურის სახლის საანგარიშო კონცერტს დაესწრო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თერჯოლის კულტურის სახლის საანგარიშო კონცერტს დაეწრო, რომელშიც მონაწილეობდნენ ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები: „იამე“, მასპინძელო“, „იმერეთი“. ასევე ვოკალური დუეტი სოფო გაბრიაძისა და გიორგი ჭანკვეტაძის შემადგენლობით, ტრიო-მანანა გველესიანის, ლელა ამირანაშვილისა და ინეზა ბუცხრიკიძის შემადგენლობით.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა: „დღეს ისევ, კიდევ ერთხელ მიპყრობს სიამაყის გრძნობა იმის გამო, რომ ვარ თერჯოლელი. კულტურის სახლთან არსებულმა მხატვრულმა კოლექტივებმა გვაჩვენეს, რომ საქმეების კეთებასთან ერთად ხელოვნებაში თავის გამოჩენაც შეგვიძლია. მეამაყებით, ჩემო თერჯოლელებო და როგორც მუნიციპალიტეტის მერს, კიდევ უფრო მიმძაფრდება პასუხისმგებლობის გრძნობა თქვენს წინაშე. მიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენს სამსახურში“.
საანგარიშო კონცერტის, რომელსაც უძღვებოდა დიმა არეშიძე, დასასრულს კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ლია ბუსკივაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში ხელოვნების განვითარებისათვის გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის.