06 მარტი, 2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციის მიზნით, საკრებულოში წარდგენილ საკითხზე თანხმობა
5 მარტს გამართულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, დეპუტატებს მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციის დასაწყებად თანხმობის თხოვნით მიმართა.
მერის განმარტებით, ოპტიმიზაციის შემდეგ, ხარაგაულში, ამჟამად არსებული 16 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ნაცვლად, მხოლოდ 7 გააგრძელებს ფუნქციონირებას.
როგორც ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რა კონკრეტული ცვლილებები მოხდება რეორგანიზაციის შედეგად, ამის შესახებ ჯერ ყველა დეტალი დაზუსტებული არაა. „მუშაობის პროცესში ვართ. ზუსტად არ ვიცით რა იქნება, ამიტომ წინასწარ ვარაუდებით საუბარს უნდა მოვერიდოთ და დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ საკითხს. ა(ა)იპ-ების სტრუქტურული ცვლილებებისთვის აუცილებელია მათი სფეროების ფუნქციური დაჯგუფება, რაც უფრო ეფექტურს, მოქნილს და შედეგიანს გახდის მათ საქმიანობას, ამასთანავე, საშუალება გვეძლევა შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები.“
დეპუტატების პასუხად, რომლებიც ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შედეგად კადრების მოსალოდნელ შემცირებაზე საუბრობენ, ხარაგაულის მერმა განმარტა: „ყველამ კარგად ვიცით რა ხდება ა(ა)იპ-ებში. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თოთოეული თანამშრომლის საქმიანობას და ფუნქციურ დატვირთვას. ნუ მივცემთ წარმოდგენილ საკითხს ისეთ განვითარებას, თითქოს მასობრივი დათხოვნა მოხდება. კადრების გადახალისება პერიოდულად საჭირო და აუცილებელია მეტი ეფექტიანობისთვის. შეიძლება ეს მტკივნეული პროცესი იყოს, მაგრამ გარდაუვალია. ვცდილობთ, ისე გადავწყვიტოთ, როგორც ხარაგაულის საზოგადოებისთვის და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანებისთვის იქნება უკეთესი“.
„შენების მოძრაობის“ დეპუტატის, ინგა მაღრაძის განცხადებით გაერთიანების მიღმა რჩება სამი ა(ა)იპ-ი, რომელთა გაერთიანებაზე ან სტრუქტურულ ცვლილებებზე წარმოდგენილ რეორგანიზაციაში საუბარი არაა.
ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის განმარტებით, სამივე ა(ა)იპ-ი, „სათნოების სახლი“, „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, თვისობრივად განსხვავებული პროფილის ორგანიზაციებია და ისინი ამიტომ დარჩნენ გაერთიანების გარეთ.
საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიი თავმჯდომარე, დავით კიკნაძე მოსალოდნელი შტატების შემცირების საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება და განმარტავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს ალტერნატიული სამსახურით უზრუნველყოს ასეთი კადრები.
რეორგანიზაციის საკითხს მხარი არ დაუჭირა ორმა დეპუტატმა, მიხეილ ჭიპაშვილმა და თემურ ფცქიალაძემ. მიხეილ ჭიპაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბევრ ოჯახს შეექმნება პრობლემა.
საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ქეთევან ზუმბაძის აზრით, თანამშრომლების გაშვების ხარჯზე არ უნდა იზრდიდნენ ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასებს, რაც ჩვენი გადამოწმების შედეგად დადასტურდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ბუნდოვანს უწოდებს ასევე, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სხვა სასწავლო დაწესებულებების დამატებას. მისი თქმით, გაერთიანებაში კიდევ სხვა ა(ა)იპ-ების დამატება სირთულეებს გამოიწვევს.
ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, ქვეყანაში დაწყებული რეფორმები, რომლის გამტარებლებიც ვართ, ჩვენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხარაგაულისთვის სასიკეთო ცვლილებების საწინდარია. გაერთიანებებს კვალიფიციური კადრები ჩაუდგებიან სათავეში და ისინი თავად გადაწყვეტენ, როგორ დაალაგონ მენეჯმენტი და გაატარონ მოქნილი, თვითმმართველობაზე მორგებული, მოსახლეობის პროგრესაა და ხარაგაულის განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმა“.
საკრებულოს სხდომაზე, ასევე, ცნობად მიიღეს ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების დანიშვნის შესახებ საკითხი, რომლის შესაბამისად, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნენ ნონა ზურაბიანი და შალვა ლურსმანაშვილი, ხოლო „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ხიჯაკაძე გახდა.
სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში წარმოადგინა ამავე სამსახურის უფროსმა, აფრასიონ ლურსმანაშვილმა.
სამსახურის უფროსის განმარტებით, მომავალში, ხარაგაულში არსებული შენობა-ნაგებობების გარე ფასადების მოწყობა-გალამაზება იგეგმება.
საკრებულოს პარტია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ქეთევან ზუმბაძე დაინტრესდა - აქვს თუ არა ზედამხედველობის სამსახურს დათვლილი აღნიშნული პროექტის განხორციელებას რა თანხა დასჭირდება და რომელი შენობა-ნაგებობების გარე ფასადების მოწესრიგება იგეგმება.
როგორც აფრასიონ ლურსმანაშვილმა განმარტა, სამსახური, ამ ეტაპზე, შენობების აღრიცხვის პროცესშია. „ამ პროცესის დასრულების შემდეგ შევიმუშავებთ დეტალურ პროექტებს, რაც თანხებში გამოისახება“ - აღნიშნა სამსახურის უფროსმა.
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი, თემურ ფცქიალაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე უსახური შენობა ხარაგაულის ცენტრში ე.წ. ძველი „უნივერმაღი“-ს შენობაა, რომელიც დანგრევის პირასაა და პირველ რიგში მას უნდა მიექცეს ყურადღება, რათა სახელმწიფომ უკან დაუბრუნოს მესაკუთრეებს.
სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა, თემურ თაბუკაშვილმა წარმოადგინა. ანგარიშის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა ცხარე დებატები გამართეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიი თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, სამსახურების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები მშრალია და მასში დეტალურად არაა აღწერილი კონკრეტულად რა სამუშაოები განახორციელეს.
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თორნიკე ავალიშვილი აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტში უხარისხოდ ხორციელდება. მან სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტო-მასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ კითხვები არა მარტო პროექტების ხარისხიან შესრულებაზე ჩნდება, არამედ მათ ხშირ გადავადებებზე.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემური თაბუკაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ფოტო-მასალა დაუსრულებელ პროექტებზეა გადაღებული, მუშა პროცესებია და მერიას ეს პროექტები ჯერ არ ჩაუბარებია, შესაბამისად აღნიშნულ კომპანიებზე თანხაც არაა გაცემული.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის განმარტებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება და მერიაში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის გარდა, მონიტორინგს ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირადად ახორციელებს.
საბოლოოდ, დეპუტატებმა მერიის ორი სამსახურის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები დადებითად შეაფასეს.