05 მარტი, 2018
წყალტუბოს ეკონომიკის განვითარებისთვის ახალი პროექტები შედგება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირის პროექტის „მერები
ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრი გახდა. შესაბამისი სერთიფიკატი
მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს სამხარეო ადმინისტრაციაში
გადასცეს. პროექტის ექსპერტები კურორტის ტურისტული და ეკონომიკური
განვითარების პერსპექტივების გაცნობის მიზნით ადგილობრივი
თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდენენ და სამომავლო თანამშრომლობის
გეგმები განიხილეს.
წყალტუბოში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ბალნეოლოგიურ ცენტრ
,,Be Healthy''-ში მისვლით დაიწყო. სტუმრები დაინტერესდნენ
სამკურნალო პროცედურებით, დამსვენებელთა რაოდენობითა და თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვის მეთოდებით, დაათვალიერეს ცივი ტბა და მეექვსე
აბაზანა, იმყოფებოდნენ კომპანია: ,,ჰერბიაში’’, რომელიც
უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოებას
ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
-,, განსაკუთრებით
მომეწონა თქვენი მწვანე ქალაქი, უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩამოვალ და
ჩავიტარებ გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ვიმედოვნებ, რომ წყალტუბოს
ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მომზადდება მნიშვნელოვანი
პროექტები,
რაც ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას'' -განაცხადა პროექტის „მერები
ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელმა პიტერ კორსბიმ.
წყალტუბოში
სამკურნალო ტურიზმის განვითარების გეგმებზე, სოფლის მეურნეობის
დარგში განხორციელებულ ეფექტურ პროგრამებსა, კურორტის ტურისტულ პოტენციალზე
ისაუბრეს ა(ა)ი.პ ტურიზმის განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე
ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
მერმა გრიგოლ იოსელიანმა. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს
წარუდგინეს წყალტუბოს შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და ფილმი.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ახალი ინიციატივაა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომლის მიზანია დაეხმაროს
მერებს და მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკურ ზრდასა
და სამუშაო ადგილების შექმნაში მათ მუნიციპალიტეტებში.