05 მარტი, 2018
ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მრავალშვილიან დედას, ირინე შველიძეს დედის დღე მიულოცა
3 მარტს ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მრავალშვილიან დედას, ირინე შველიძეს დედის დღე მიულოცა და ახალი საცხოვრებელი ფართი ოფიციალურად გადასცა.
ირინე და პაატა შველიძეების 10 სულიანი ოჯახი, ამ დრომდე, მეზობლის სახლში ცხოვრობდა. ხარაგაულის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფომარციით, ირინე შველიძისთვის სახლის შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.
დღესვე მრავალშვილიან ოჯახს ახალ საცხოვრებელ ფართში გადასვლა და დედის დღე მიულოცეს, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძემ, ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო სოფლის ახალგაზრდა დეპუტატის განსაკუთრებული წვლილი იმ საქმეში, რასაც დღეს მთელი სოფელი ქალბატონი ირინეს ოჯახის გახარებით ხარობს. დღეს მართლა მნიშვნელოვანი და სიკეთით სავსე დღეა ყველა ჩვენგანისთვის, გილოცავთ ახალ საცხოვრებელ გარემოს და თქვენ შვილებთან ერთად გეხაროთ ამ ჭერქვეშ“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
ხარაგაულის მერმა დედის დღე მიულოცა ასევე, სოფელ ზედუბანში მცხოვრებ 37 წლის 9 შვილიან დედას მაია ცხადაძეს. „მინდა ერთად მოგილოცოთ გაზაფხულის დღესასწაულები დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. დედებს შვილების ჯანმრთელობა და დღეგრძელობა გისურვოთ, ბედნიერების და სიხარულის სხივი იყოს მუდამ თქვენს სახეზე“.