01 მარტი, 2018
ხარაგაულში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
დღეს ხარაგაულში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ექიმების მიერ, დაბის #1 საბავშვო ბაღში პროფილაქტიკური შემოწმება და პრევენციული სკრინინგი ჩატარდა.
უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე გაეცნო, რომელმაც, ექიმებს და აქციის ორგანიზატორებს, მუნიციპალიტეტში ასეთი მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია და მინდა ამ სიკეთისთვის მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს, თითოეულ ექიმს, აქციის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს. ადგილზე, რაიონიდან გაუსვლელად, ასეთი სახის უფასო გამოკვლევების ჩატარება დიდი შვება და დახმარებაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ხარაგაულის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთი ტიპის ღონისძიებებს. ვიმედოვნებ, რომ უფასო გამოკვლევები ხარაგაულში მომავალშიც ჩატარდება“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაეტარებინათ პრევენციული სკრინინგი ჩ ჰეპატიტზე, აივ ინფექციაზე, ტუბერკულოზზე, კანის დაავადებებზე, ანევრიზმასა და ჰიპერტონიაზე. სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, გამოკვლევები ჩაატარეს ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პარტნიორი კლინიკის - „გიდი“-ს ექიმებმა, რომელთაც აღსაზრდელები თვალისა და ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებზე გასინჯეს.
აქცია სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივითა და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის მხარდაჭერით ჩატარდა. აქციაში ჩართული იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო, რომელთაც სოფლებიდან თანამშრომელთა ტრანსპორტირება უზრუნველყვეს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, გამოკვლევები ჩატარდა, ასევე, ბორითის საბავშვო ბაღში, ტრასისპირა ზონაზე, არსებული ბაღების თანამშრომლებისა და აღსაზრდელებისთვის.
საერთო ჯამში, უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, რომელიც ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ორასამდე ადამიანი გამოიკვლიეს.