26 თებერვალი, 2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა წარმომადგენლებს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასაწყებად მოსახლეობის მოთხოვნების დროული რეაგირებისკენ მოუწოდა და სოფლებში არსებული სახნავი სპეცტექნიკების მდგომარეობა მოიკითხა.
წარმომადგენლების ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში არის ძველი მუნიციპალური ტექნიკა, რომელიც დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. როგორც ხარაგაულის მერმა თათბირზე განმარტა, მუნიციპალიტეტი მზადაა დაზიანებული ტრაქტორები შეაკეთოს, რათა ტექნიკა მოსახლეობამ საჭიროებისამებრ გამოიყენოს.
წარმომადგენლებთან თათბირის დროს საუბარი შეეხო, ასევე, ფაროსანასა და მავნე მწერებთან ბრძოლის კამპანიის დაწყებას. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, იმერეთში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ავრცელებს რეკომენდაციებს. „სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის შეწამვლით სამუშაოებში, მაგრამ ამასთანავე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში თითოეული ფერმერი აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
კონსულტაციები და ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სოფლის მეურნეობის ხარაგაულის საინფორმაციო- საკონსულტაციო საბჭოში“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, სოფლებში სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და წყლის სისტემების მოწყობის გზებზე. ხარაგაულის მერის განმარტებით, მიმდინარე წლის ზაფხულში ყველა სოფელში უნდა აღმოიფხვრას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა და ამისთვის მუნიციპალიტეტი მზადაა. ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს ერთი კვირის ვადა მისცა, რათა თითოეულმა მათგანმა, თავიანთ სოფელბში, სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები დეტალურად შეისწავლონ და პროექტები წარმოადგინონ.
მერმა წარმომადგენლებისგან სოფლებში ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოცხადებული ტენდერების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველა მათგანმა სისტემატურად და მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურთან, რადგან გზების მშენებლობის ხარისხსა და სწორად შედგენილ პროექტზე მათი პასუხისმგებლობაც დიდია.