21 თებერვალი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში გენდრეული თანასწორობის საკითხები განიხილეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული ბალანსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მუნიციპალიტეტის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის განვითარების თემაზე შეხვედრა-დისკუსია გაიმართა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის ორგანიზატორმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის დაცვის მიმართულებით აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიმართულებით მუშაობა.
საქართველოში გენდერული თანასწორობის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა ფონდ ,,სოხუმის’’ წარმომადგენელმა ლალი შენგელიამ, შეკრებილ საზოგადოებას ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციის ,, ვაკეთოთ ერთად’’ ხელმძღვანელმა ლეილა აშორდიამ, რომელმაც ასევე განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ძალადობის, ბულინგის, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციისა და ადვოკატირების საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების შედეგები.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში.