20 თებერვალი, 2018
ახმეტის კულტურის სახლში მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
დღეს, ახმეტის კულტურის სახლში ახმეტის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე გამავალი სნო - ჯუთა - როშკა -შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულების საავტომობილო გზების მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა შედგა.
შეხვედრის მიზანი დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.
ახმეტაში საჯაროდ განიხილეს პროექტის ძიბახევი-ხადორის ხეობის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთი იწყება სოფელ ბირკიანის ტერიტორიაზე, მიუყვება მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს (მდინარის მიმართულების საპირისპიროდ) დამთავრდება ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.