14 თებერვალი, 2018
ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. კლინიკა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და ფონდ GARD-ის დირექტორმა გაგიკ სარდარიანმა გახსნეს.
კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ GARD-ის დახმარებით პროექტ «ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა.
ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 60კვ.მ.-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდა.
კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 47 734 ლარია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში რეგიონში ჯამში 6 სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა.