02 თებერვალი, 2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება
დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში გამართულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #71 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას და დამტკიცეს საბჭოს დებულება. საბჭო მრავალფუნქციური ინსტიტუციაა და მისი მთავარი მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი ჩართულობა და მათი უფლებების თანაბარი რეალიზაცია იქნება. კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობას გაუწევს საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, ხოლო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეს იქნება რეალურად მოქმედი, შედეგების დამდები საბჭო -ხაზი გაუსვა სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ სალომე ღონღაძემ, რომელმაც კოლეგებს გააცნო საბჭოს დებულება.