მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. ბიუჯეტში გარკვეული სახის სიახლეები იქნება სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით.
წლევანდელ ბიუჯეტში მარტოხელა დედების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს გაითვალისწინებენ.
ნინო თვალთვაძემ ასევე იმ 3 მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს გეგმავს. საუბარია ბალახვანში 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე, სადაც მოსასვენებლი პარკიც განთავსდება. იგეგმება თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია.
"დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ბიუჯეტის პროექტი წარვადგინეთ. მალე საკრებულოს სხდომაზე განხილვის შედეგად დავამტკიცებთ. ძირითადად განვიხილეთ, როგორც სოციალური პროგრამები, ისე ინფრასტრუქტურული მიმარულებების პროექტები.
სამი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს არის 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და ასევე თეთრ ხიდთან დაკავშირებული საინტერესო იდეები რეაბილიტაციის კუთხით.
სოციალური მიმართულებით დავამატეთ რამდენიმე ახალი პროგრამა, რომელიც მარტოხელა მშობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე დავეხმარებით შშმ სტუდენტებს, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული. ასევე გავითვალისწინეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ადამიანებიც.
ხვალიდან ვიწყებთ აქტიურ შეხვედრას მოსახლეობასთან და ვეცდებით მათი ინიციატივები ავსახოთ ბიუჯეტში", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.