13 ოქტომბერი, 2017
შოთა მურღულია: დიდი მადლობა მერიის ყველა თანამშრომელს
"დიდი მადლობა, მერიის ყველა თანამშრომელს და არა მარტო მერიის, არამედ სისტემის. ჩვენ რაც შევძელით, შევძელით ერთად 24 საათიანი მუშაობის რეჟიმით. ჩემთვის პატივი იყო და არის ვიყო ქუთაისის მერი და ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,"- ამ სიტყვებით დაასრულა ადგილობრივ ტელეკომპანიაში ეთერი ქუთაისის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა შოთა მურღულიამ.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, ეს მისი მერობის ბოლო ანგარიში იყო ტელეეთერიდან მოსახლეობის მიმართ, თუმცა უახლოეს დღეებში გეგმავს საზოგადოებასთან შეხვედრებსაც და იმ მიღწევებზე საუბარს, რაც ქალაქში ბოლო 4 წლის განმავლობაში გაკეთდა.
"80 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ქუთაისის შემოსასვლელების რეაბილიტაცია, სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, უნიკალური საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა, ცხოველთა თანამედროვე თავშესაფარის მოწყობა, ნიკეას ქუჩის ნაგავსაყრელის კონსერვაცია, ბაღების მშენებლობა, საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრის ქუთაისში გახსნა, მარტივი ტიპის 83 მოედანი, 400-მდე ეზოს კეთილმოწყობა, ლიფტების, სადარბაზოების, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა და სტრატეგიული გეგმის შექმნა,- ეს ის მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტებია, რომელიც ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა," - აღნიშნა შოთა მურღულიამ.