06 ნოემბერი, 2017
გორში ვაინახური კულტურის კვირეული იმართება
გორში ვაინახური კულტურის კვირეული დაიწყო. ამის შესახებ შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატი იუწყება
მათივე ცნობით, შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში
ღონისძიებები 6, 8 და 10 ნოემბერს ჩატარდება.
კვირეულის ფარგლებში
დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა - კონცერტი, საჯარო ლექციები, ქისტური
ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ვაინახურ თემაზე შექმნილი
წიგნების პრეზენტაცია, პანკისის ხეობასა და პანკისელ ქისტ ქალებზე
გადაღებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია, ქისტი პოეტების შემოქმედების
გაცნობა, ბავშვთა თეატრის სპექტაკლი, სპორტული ღონისძიებები და სხვა.
მონაწილეობას მიიღებენ პანკისის ხეობის მკვიდრი პედაგოგები, მოსწავლეები, სპორტსმენები, ფოლკლორული ანსამბლები, უხუცესები და ა.შ.
კვირეულის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა,
კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების,
შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და
განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება.
დამსწრე საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა უშუალოდ ქისტი ხალხისგან მიიღოს ინფორმაცია, ეზიაროს მათ კულტურასა და ხელოვნებას.