03 ნოემბერი, 2017
ანსამბლ „შევარდენის“ ხელმძღვანელი გიორგი ანთია წოდებით ''ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარი'' დაჯილდოვდა
„ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარი“- ამ საპატიო წოდებით დააჯილდოვა
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ახალგაზრდა ბორჯომელი, წაღვერის კულტურის
სახლთან არსებული ანსამბლ „შევარდენის“ ხელმძღვანელი გიორგი ანთია.
ქართული, ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას დიპლომი და მედალი გადაეცა.
მისი ხელმძღვანელობით კი ანსამბლი „შევარდენი“ წარდგენილ იქნა სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდებაზე.
როგორც გიორგი აღნიშნავს, ანსამბლისათვის ჯილდო მოულოდნელი იყო, რამაც ანსამბლის წევრები ძალიან გაახარა.
„ქორეოგრაფიულმა კავშირმა მიგვიწვია საერთაშორისო ფესტივალზე,
რომელიც 3 დღის მანძილზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა.
ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის
ქორეოგრაფიული კოლექტივებიც. ფესტივალის დახურვის დღეს, ჩვენი ნომრის
შესრულების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად გვთხოვეს დავრჩენილიყავით სცენაზე.
გადმოგვცეს საპატიო წოდება და საჩუქრები. ფაქტიურად, ფესტივალის
მონაწილეთა შორის ჩვენ მივიღეთ ყველაზე მეტი ჯილდო. ეს უდიდესი მოტივაციაა
ჩემთვის, როგორც ქორეოგრაფისთვის და ანსამბლის წევრებისათვის, უფრო მეტი
ვიშრომოთ, მივაღწიოთ მეტს და ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი მხარე“-
აღნიშნავს გიორგი.
გიორგი ანთია 20 წლისაა, წლების განმავლობაში ქორეოგრაფ თეა
გაბელაიას ხელმძღვანელობით, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან
არსებული ანსამბლის "იმედის" გამორჩეული და წარმატებული მოცეკვავე იყო.
დაბა წაღვერის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „შევარდენს“ კი ის 1 წელია
ხელმძღვანელობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ულოცავს ახალგაზრდა ქორეოგრაფს და მის
ანსამბლს წარმატებას და მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გამოსვლას,
წინსვლასა და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს