izrune.ge-ს რესპონდენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელი,
ანა კურტანიძე გახლავთ, რომელსაც izrune.ge-ს იმდენი დიპლომი აქვს, უკვე თვლაც აერია და ზოგადად, პროექტს 2018 წლიდან გულშემატკივრობს. რატომ და როგორ გადაწყვიტა ჩართვა, რას ელის პროექტისგან და რა პროფესია აქვს არჩეული სამომავლოდ პატარა ანას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. თუმცა მანამდე,
მაია კურტანიძეს, პატარა იზრუნელის დედიკოს გავესაუბრეთ, რომელიც, იმავდროულად, გოგონას დამრიგებელია.
- ზოგადად, პროექტში ჩართვა ანას სურვილი იყო, სხვაგვარად ვერც სკოლა, ვერც დირექტორი და ვერც მე, ვერაფერს გავხდებოდით. კარგად სწავლობს და როდესაც დირექტორმა პროექტი გაგვაცნო, შემდეგ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილიც ჩამოვიდა, დავრწმუნდით, როგორი მრავალმხრივი და შემეცნებითი იყო izrune.ge.
რაც შეეხება კონკრეტულად ანას, კარგი გოგონაა, სწავლაც ძალიან უყვარს, კითხვაც, კლასგარეშე ლიტერატურას ხშირად ეცნობა, მე კი, როგორც მშობელი, ხელს ვუწყობ და არასოდეს ჩამომიტოვებია უკან.
- ანა დამოუკიდებლად მუშაობს izrune.ge-ს ტესტებზე? - უმეტესად, დამოუკიდებლად მუშაობს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ კითხვაზე პასუხი არ აქვს... ასეთ დროს, მხოლოდ მე კი არა, მთელი ოჯახი ვართ ჩართული, მათ შორის - ბებია-პაპა.
- თავად როგორი განწყობა აქვს ხოლმე ტესტის გავლის შემდეგ?- ოქროს დიპლომებს რომ იღებდა სიხარულით ფრენდა და ბევრი დიპლომიც გვაქვს; თუმცა ვერცხლის დიპლომი რომ მიიღო, ძალიან ინერვიულა, სულ იმეორებდა - რა, როგორ და რატომ შემეშალაო. ემოციური ბავშვია და წარმატება ძალიან ახარებს.
- ამ სიხარულს მეგობრებსაც უზიარებს, ალბათ...- რა თქმა უნდა, უზიარებს თავის სიხარულს, ოღონდ ტრაბახი არ უყვარს და მხოლოდ ურჩევს, ისინიც ჩაერთონ პროექტში.
- კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა უყვარსო, მითხარით...- დირექტორი რომ გაესაუბრა, ბავშვი უფრო მოტივირებული გახდა და ბუნებრივიცაა - შეიტყო, რომ მის ნაშრომს შეაფასებდნენ და ამის გამო შეაქებდნენ კიდეც. მეც ვუთხარი - დედი, მხოლოდ საგაკვეთილო პროგრამა არ იქნება საკმარისი და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მოგიწევს-თქო. აქედან გამომდინარე, ანა ფსიქოლოგიურადაც მომზადებული შეხვდა ამ ყველაფერს.
გარდა ამისა, დირექტორმა წიგნებიც დაურიგა წარჩინებულ მოსწავლეებს. მე ანას დამრიგებელიც ვარ და ჩემ კლასში მხოლოდ სამი ბავშვია, თუმცა ჩვენი სკოლიდან სხვებიც ჩართულები არიან, რომლებსაც დირექტორმა საზეიმო ვითარებაში გადასცა დიპლომები, შეაქო წარჩინებული მოსწავლეები და სხვებსაც მოუწოდა პროექტის გულშემატკივრობისა თუ izrune.ge-ში ჩართვისკენ. მე კი ანას ყველა დიპლომი ლამინირებული მაქვს, ჩემთვის საამაყოა, ვიყო ანას დედა.
- ქალბატონო მაია, როგორია საკუთრი შვილის მასწავლებლობა?- ძალიან რთულია იმდენად, რამდენადაც, იმაზე მკაცრი ვარ მასთან, ვიდრე სხვა ბავშვებთან... თუმცა ამის გამო ნამდვილად არ მსაყვედურობს და გაგებით ეკიდება. სახლში კი მეგობრები ვართ, ძალიან კარგი ბავშვია, სწავლაც უყვარს და ხელსაქმეც. არაჩვეულებრივად ამზადებს სალათებსა და პიცას... პატარა კულინარი მყავს სახლში.
ამის შემდეგ, ჩვენი ინტერვიუს მთავარ გმირს გავესაუბრე, რომელმაც ჯერ თავი გამაცნო - ანა კურტანიძე ვარო და ისიც მიამბო, რას ნიშნავს izrune.ge მისთვის:
„ჩემთვის izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანია; პროექტში ჩართვა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ შემეცნებითია... შემეცნებითი ლიტერატურაც მიყვარს. პირველი ტესტის კითხვები კი არა, ის მახსოვს, რა ვიგრძენი, დიპლომი რომ მივიღე... მაშინ ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესი შედეგი მექნებოდა.
იცით, ჩემი საყვარელი წიგნი „ტომ სოიერის თავგადასავალია“ და ვფირობ, მეც ტომივით ცოტათი ონავარი ვარ, თუმცა სწავლაც ძალიან მიყვარს... რომ გავიზრდები, ან პოლიციელი გამოვალ, ან - ექიმი, ან მასწავლებელი... არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია. სამაგიეროდ გემრიელობებს ვამზადებ და სტუმრადაც გიწვევთ - სალათებით, პიცითა და ყავით გაგიმასპინძლდებით“.