30 ნოემბერი, 2018
ბავშვის აღზრდის 4 საფეხური ტიბეტური სიბრძნის მიხედვით
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია. რასაც ადამიანი ბავშვობაში სწავლობს, მომავალში შეიძლება მის უნარზე პირდაპირ აისახოს. რა მოეთხოვება მშობელს, რომ მისი შვილი გაწონასწორებულ, წარმატებულ და თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს?
გთავაზობთ ტიბეტურ სიბრძნეს, რომლის მიხედვითაც ბავშვის აღზრდა 4 ძირითადი ეტაპის გავლას ითვალისწინებს.
პირველი ეტაპი – სანამ ბავშვი ხუთი წლის გახდება: ტიბეტური აღზრდის მეთოდის თანახმად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს ისე უნდა ესაუბროთ როგორც მეფეს, ან დედოფალს. მშობლები 5 წლამდე ბავშვებს არაფერს უკრძალავენ. ისინი თვლიან, რომ ამ ასაკში მოზარდებს არ შეუძლიათ ლოგიკური დასკვნების გამოტანა.მშობლები ცდილობენ არა სიტყვებით, არამედ ემოციებით აგრძნობინონ მათ საფრთხის, არასწორი ქმედების შესახებ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ბავშვები ყველაფერს ემოციებით უფრო მარტივად აღიქვამენ.
მეორე ეტაპი – როცა ბავშვი 5-დან 10 წლამდეა: ტიბეტელები მიიჩნევენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს მკაცრად უნდა მოექცეთ, მაგრამ ამავდროულად, ყურადღებით უნდა იყოთ და სისასტიკე არ უნდა გამოიჩინოთ. სიმკაცრესა და სისასტიკეს შორის ოქროს შუალედი უნდა იპოვნოთ.ამ პერიოდში ვითარდება ინტელექტის შეძენისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი. მნიშვნელოვანია, რომ შვილს დაუსახოთ სხვადასხვა მიზნები და ადევნოთ თვალყური იმას, თუ რა მეთოდებით ცდილობს ის ამ მიზნების მიღწევას. ტიბეტელები თვლიან, რომ 5-დან 10 წლამდე ბავშვი აბსოლუტურად მზადაა სირთულეებთან შესაჭიდებლად და სირთულეებთან გამკლავებას სწორედ ასე სწავლობს.
მესამე ეტაპი – როცა ბავშვი 10-დან 15 წლამდეა: ტიბეტური სიბრძნის მიხედვით, ამ ასაკის ბავშვს თანასწორივით უნდა მოეპყროთ. რა თქმა უნდა, თქვენ უფრო დიდი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ, ვიდრე მას, მაგრამ ბავშვს უნდა მისცეთ საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე, ჰკითხეთ მას რჩევა და ასევე გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები. შედეგად, მოზარდს გაუჩნდება განცდა იმისა, რომ მასაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
მეოთხე ეტაპი – როცა მოზარდი 15 წელს გადასცდება: ამ ასაკში უკვე ფორმირებულია მოზარდის პიროვნული მახასიათებლები და ახლა მის მიმართ პატივისცემის გამოჩენა გმართებთ. ახლა შეგიძლიათ მისცეთ შვილს რჩევები, თუმცა სწავლებისგან თავი შეიკავეთ. ეს ის ასაკია, როცა მისთვის რაიმის სწავლება უკვე დაგვიანებულია.