12 მარტი, 2018
ქუთაისის მერის მოადგილემ სოციალურად დაუცველთა სიის მონიტორინგი განახორციელა
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ასათიანის ქუჩაზე სვანიძეების ოჯახში იმყოფებოდა. ტარიელ სვანიძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ იმყოფება, თუმცა მონიტორინგის შედეგებით ის საჭიროებს „მადლიერების სახლის“ სერვისებით სარგებლობას.
ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ მადლიერების სახლის მომსახურებას, ამ სერვისის გარეშე არ დარჩნენ. დღესვე ადგილზე იმყოფებოდნენ სოციალური სააგენტოს წარმომადგნლები და რამდენიმე ბენეფიციარის სოციალურ მდგომარეობას გაეცვნენ. ქუთაისის მერია შუამდგომლობას უწევს ასეთ მოქალაქეებს, რათა მათ მადლიერების სახლის სერვისებით სარგებლობა არ შეუწყდეთ.
ამ დროისთვის ქუთაისის "მადლიერების სახლის", ბენეფიციართა სიის გადამოწმება მიმდინარეობს. საუბარია 120 ადამიანზე , რომლებმაც ბენეფიციარის სტატუსისთვის შეუსაბამო ქულები მიიღეს.
,,პირადად გავეცანით რამდენიმე ბენეფიციარის მდგომარეობას, რომლებიც სარგებლობენ მადლიერების სახლის სერვისებით, მაგრამ მაღალი მაღალი ქულები ჩამოუვიდათ და გარკვეული პრობლემები შეექმნათ სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით . წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა რეალურად ძალიან მძიმეა. ჩვენ ადგილზე წამოვიყვანეთ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, ერთად ვავსებთ დეკლარაციას და შუამდგომლობას ვუწევთ რომ ქულებმა დაიწიოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს სათანადო რეაგირება მოჰყვება. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს ვისაც სჭირდება უფასო კვებით სარგებლობა ეს სერვისი მივაწოდოთ,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ