12 მარტი, 2018
ზედა მესხეთი 2018 წელს გაზიფიცირდება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობას შეხვდა და გაზიფიცირების პრობლემა განიხილა, სოფლის მცხოვრებლებს აინტრესებდათ კონკრეტული პასუხები კითხვებზე: როდის დაიწყება ზედა მესხეთში გაზიფიცირების სამუშაოები, მიიღებენ თუ არა ადგილობრივები ბუნებრივ აირს მიმდინარე წლის ბოლომდე, გაკეთდება თუ არა სოფლის გზა.
ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა მოსახლეობის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ ზედა მესხეთის გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება მისი საარჩევნო დაპირებაა, რომელსაც აუცილებლად შეასრულებს, მისივე თქმით, ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა, ზედა მესხეთი შეტანილია იმ სოფლების ნუსხაში, რომელთა გაზიფიცირება 2018 წელს დაიწყება.
დასრულებულია გაზიფიცირების პროექტირების პროცესი, რასაც აუცილებლად მოყვება ტენდერის გამოცხადება და შესაბამისი სამუშაობის დაწყება - ,, მე არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ ცრუ დაპირებას, კარგად ვიცი, რომ მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება პირველ რიგში სოციალური თემაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან და შესაბამის სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა 2018 წელში ზედა მესხეთში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყოს’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ და მოსახლეობის კითხვებს პასუხებს სცემდენენ მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მრჩეველი ნიკა აფხაძე, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონებისა მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე.
ზედა მესხეთის მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირი და წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ აპრილი თვეში მოაწყობენ ანალოგიურ შეხვედრას ზედა მესხეთში და მოსახლეობას გააცნობენ დაზუსტებულ ინფორმაციას გაზიფიცირების ვადებისა და პირობების შესახებ, შეკრებილებს განემარტათ ისიც, რომ სოფლის გზის მოწესრიგება სწორედ ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის შემდეგ მოხდება.