12 მარტი, 2018
ხარაგაულის მერმა ტრადიციული თათბირი მერის წარმომადგენლებთან ახალი კადრების წარდგენით დაიწყო
ტრადიციული თათბირი მერის წარმომადგენლებთან ახალი კადრების წარდგენით დაიწყო. ნიკოლოზ თოფურიძემ, წარმომადგენლებს მერის თანაშემწე, შალვა ბენდიაშვილი წარუდგინა და ახლადდანიშნულ კადრებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობას და აღინიშნა, რომ ამ პროექტზე ასეულობით ადგილობრივი დასაქმდება.
ხარაგაულის მერი სოფლებში არსებული ამბულატორიების მუშაობით დაინტერესდა და წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოსთხოვა. „სოფლებში ამბულატორიებისა და ექიმების მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი და ამასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ უნდა არსებობდეს. ამიტომ შემდეგ თათბირზე დეტალურად მოვისმენ რა მდგომარეობაა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ერთად დავსახავთ მოგვარების გზებს.“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
მერმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, მუნიციპალურ პროექტებზე და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს მოუწოდა მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ მეწარმეებს გამოცხადებული ტენდერების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად შეისწავლის სკოლებში არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად მომზადდება პროექტები, რომლებიც გადაიგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ეტაპობრივად დაიწყება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრეს და მერთან ერთად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.