12 მარტი, 2018
კომპოსტირების თემაზე საბავშვო ბაღებში აქტივობები მოეწყო
რა არის კომპოსტირება და რა სარგებლობა მოაქვს ორგანული ნარჩენების შეგროვებასა და მართვას? - ეს იყო თემები, რომლებიც ქართველმა, ამერიკელმა და აზერბაიჯანელმა სკოლის მოსწავლეებმა ქალაქ ბორჯომის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელებთან ერთად განიხილეს.
პროექტის მონაწილეებმა მარტივი მაგალითების მეშვეობით პატარებს აუხსნეს, რომ საკვების ნარჩენებისა და ბოსტნეულის ნათლების გადაყრა სულაც არაა აუცილებელი, რადგან მათი გამოყენება კვლავ შეიძლება. ნარჩენების შეგროვებითა და მარტივი პროცედურების საშუალებით მიიღება სასუქი, რომელიც ბუნებრივი საშუალებაა უკეთესი მოსავლის მისაღებად. ამავე დროს კოპოსტირებით გარემოსაც ვიცავთ დაბინძურებისაგან.
პროექტის მონაწილეებმა თეორიულ მასალასთან ერთად აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან პრაქტიკული აქტივობაც განახორციელეს. საბავშვო ბაღის ეზოებში მათ ყუთები შეკრეს და პატარებთან ერთად კომპოსტის დასამზადებლად ბოსტნეულის ნარჩენებიც ჩაყარეს.
როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მანანა ორჯონიკიძემ აღნიშნა, ყუთები ბაღების ეზოებში განლაგდება და პედაგოგებისა და ბავშვების ჩართულობით, კომპოსტის მიღებისა და შემდგომ მის გამოყენების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
პრეზენცატიებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, მოადგილე ბუბა ბერიძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე დაესწრნენ.
პროექტი ამერიკის საელჩოს ინიციატივით განხორციელდა.