13 თებერვალი, 2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
შეხვედრაზე, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე და მოლითისა და წიფას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 26 კმ-იანი (მეორე ლოტი) მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების და ექსპლოატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება განიხილეს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის კონსულტანტმა, ლუიზა ბუბაშვილმა აღნიშნა გარემოს დაცვის კუთხით ზემოქმედება იქნება მინიმალური. „ფუჭი ქანების მართვა პრობლემურია და ამიტომ ამ საკითხის კვლევა დამატებით მიმდინარეობს. ჩუმათელეთის მონაკვეთი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სიახლოვესაა, რომელიც ზურმუხტის ქსელითაა დაცული. ჩვენ ახლახანს კიდევ ერთხელ გავეცით დავალება ვიბრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ზურმუხტის ქსელის წინასწარ მოკვლევას გააკეთებს და დაადგენს რა ზეგავლენა ექნება პროექტს ჰაბიტატებზე და რა შეიძლება იყოს შემარბილებელი ღონისძიება“ - აღნიშნა ლუიზა ბუბაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის ზედამხედველად უცხოური კომპანია შეირჩევა, რომელიც როგორც გზაზე შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ასევე გარემოზე ზემოქმედების მიმართულებასაც გააკონტროლებს.
მერის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 70%-ით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. არჩილ მაღრაძე 50 კილომეტრიანი მონაკვეთის პირველი ლოტის, ძირულა-მოლითის მიმართულებით სამუშაოების დაწყებით დაინტერესდა. მისი განცხადებით, აუცილებელია სამუშოაოების დაწყების შესახებ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ინფორმაცია, რათა ცენტრალურ გზასთან მდებარე სოფლებში განსახორციელებელ (საუბარია მუნიციპალური მნიშვნელობის გზებზე) ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას ხელი არ შეეშალოს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კოორდინირებულად იმოქმედონ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის კონსულტანტის ლუიზა ბუბაშვილის ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითის (პირველი ლოტი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტიდან დაიწყება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამუშაოები 17 თვეში უნდა დასრულდეს.