19 იანვარი, 2018
ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის (მენეჯერი შალვა ბიჭიაშვილი)
ინიციატივით, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო აქცია
გაიმართა. აქციის ფარგლებში, პაციენტებს სხვადასხვა დარგის
მაღალკვალიფიციური ექიმები (კარდიოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი,
გინეკოლოგი, ქირურგი, ექოსკოპისტი) მოემსახურნენ. საჭიროებისამებრ, ასევე,
ჩაუტარდათ კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც ბაზალეთის
ამბულატორიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხარაგაულის
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, შალვა ბიჭიაშვილი, აცხადებს, რომ
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მათთვის უპირატესია და მსგავსი ტიპის
აქციები მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დაიგეგმება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არის შესაძლებლობა, მოქალაქეებმა
სამედიცინო კონსულტაცია წამყვან სპეციალისტებთან ადგილზე მიიღონ. თუკი მათ
დამატებითი კვლევები დასჭირდებათ შესაბამის დაწესებულებაში გადამისამართება
მოხდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში ყველა საჭირო ამბულატორიული
და დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა
გადავუხადო ვარლამ ჭიპაშვილს, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე აქცია ვერ
შედგებოდა. ასევე დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, რომლებმაც სიხარულით მიიღეს
აღნიშნული ინიციატივა. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ კლინიკას ბევრი
კვალიფიციური თანამშრომელი ჰყავს, რომელთაც მაქსიმალური დაფასება და
ხელშეწყობა სჭირდებათ.“- განმარტა ბიჭიაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატი,
ვარლამ ჭიპაშვილი, მოხარულია, რომ ბაზალეთის მცხოვრებლებს საშუალება მიეცათ
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაეტარებინათ და თვლის, რომ ასეთი
ინიციატივები აუცილებელია. ,,მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია რა
მომსახურების მიღება შეუძლიათ ხარაგაულის კლინიკაში. ვფიქრობ, თუ ეს
პრობლემა მოგვარდება, პაციენტთა რაოდენობა გაიზრდება. მუნიციპალიტეტში
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ნამდვილადაა და ყველას შეუძლია შემდგომი
გართულებები თავიდან აიცილონ. ბაზალეთში გვყავს კვალიფიციური ექიმი და
ექთანი, რომლებიც სისტემატურად ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის ახალ მენეჯერს საკმაოდ კარგი გეგმები აქვს და
მადლობა მას, ახალი იდეებით დატვირთული, რომ ჩამოვიდა ხარაგაულში“ -
აღნიშნავს ვარლამ ჭიპაშვილი.
უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილე
პაციენტებმა მადლობა გადაუხადეს აქციის ორგანიზატორებს და შემდგომში
მსგავსი სახის ღონისძიების გამართვის სურვილი გამოთქვეს.