26 მარტი, 2019
მასწავლებლის აღსარება - რაში ადანაშაულებენ პედაგოგები საკუთარ თავს
არაერთხელ და საფუძვლიანადაც გვსმენია დამოკიდებულება, რომ პედაგოგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს.
შთაგონებითა და სწორი მიდგომებით მას შეუძლია აღზარდოს გენიოსი, მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული პიროვნება ან პირიქით, გაუცნობიერებლად დაანგრიოს მისი მომავალი.
მასწავლებლის აღსარება- რაში ადანაშაულებენ პედაგოგები საკუთარ თავს:
- არ არსებობენ ცუდი ბავშვები... არსებობენ, ცელქი, ზარმაცი, მოუწესრიგებელი მოსწავლეები, მაგრამ ცუდები არა. მათ ქცევას გაკვეთილზე, მით უმეტეს დაწყებით კლასებში, მნიშვნელოვნად განსაზღვრას პედაგოგი, სწავლების საინტერესო სტილითა და ფსიქოლოგიური მიდგომებით. ამდენად, მიუხედავად მრავალი ობიექტური მიზეზისა, მასწავლებლები მოსწავლის არასათანადო აკადემიური მოსწრებისგამო საკუთარ თავს ადანაშაულებენ.
- არსებობს შემთხვევები, როდესაც მოზარდი სამეგობრო წრის ან მძიმე ოჯახური თუ სოციალური პირობებიდან გამომდინარე ცხოვრების „სწორ“ გზას ცდება და ამ გაურკვევლობაში მას გვერდით უფროსი მეგობარი და კარგი დამრიგებელი სჭირდება, რომელსაც ენდობა და ეიმედება. პედაგოგიური ზრუნვა მხოლოდ საგნის სწავლებითა და სკოლის კედლებით არ შემოიფარგლება. მოზარდის „გაწირვა“ და გამოსწორების გზაზე რადიკალური, სადამსჯელო მიდგომები პედაგოგთა სინანულს იწვევს.
- ბულინგი საქართველოსა თუ მსოფლიოს სკოლებში აქტუალური და მტკივნეული საკითხია. ერთი მოზარდის მხრიდან მეორეს ჩაგვრა, ამ პრობლემის უგულებელყოფა და სავალალო შედეგები - პედაგოგები საკუთარ თავს ადანაშაულებენ, რომ ვერ მიიღეს სათანადო პრევენციული ზომები ძალადობის წინააღმდეგ.
- მოსწავლის ნიჭის ეფექტური გამოყენება და შესაძლებლობების სწორი მიმართულებით წარმართვა მასწავლებლის ხელოვნებაა. აზროვნების განვითარებისთვის სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის გარდა, სწავლების კრეატიული მეთოდების გამოყენებაა აუცილებელი, თუმცა არსებობს მასწავლებელთა კატეგორია, რომელიც ჩარჩოებშია მოქცეული და ინოვაციების უგულებელყოფით აფერხებს მოსწავლის წინსვლას.
აღარაფერს ვამბობთ სიძულვილის ენასა და ფსიქოტერორზე, რომელსაც განსხვავებულის მიუღებლობით, უხეში რეპლიკებითა და არასწორი იდეოლოგიით ბავშვების ფსიქიკის დამახინჯება შეუძლია.